ქვევრის ღვინო

მარნის გალერეა


მეტოქიონი


 


ქვევრის კახური ღვინის ფენომენი

      ალექსანდრე დიუმა (მამა) წერდა: ქართველებს ღმერთმა მისცა საუცხოო კახური ღვინო, რომელიც არ ათრობს, ანუ უფრო სწორად, თავში არ უვარდებაო მსმელს. რას გულისხმობდა ამ გამოთქმაში ცნობილი ფრანგი მწერალი? რომელი ღვინო არ გათრობს, თუკი ზომაზე მეტად შესვი, მით უფრო როცა ალ. დიუმა თავად არ იკლებდა კახურ ღვინოს და როგორც იტყვიან, გემოზე მიირთმევდა. ამოხსნა კი ცნობილმა მწერალმა კახური ღვინის საიდუმლო?
     ჩვენში ქვევრში ღვინოს 8000 წელია აყენებენ. ჩვენმა წინაპარმა კარგად იცოდა, რომ ყურძნის მტევნისაგან ტკბილი წვენის მოცილებით ღვინო არასრულ-ყოფილი იქნებოდა იგი აცნობიერებდა, რომ `სულისა და ხორცის საკურნებლად”, ღმერთისაგან მოძებული სითხე _ ღვინო ყურძნის მთლიანი მასის ქვევრში ჩაწურვით და დუღილით, შემდგომ კი დავარგებით იყო შესაძლებელი.
     ამგვარი ქმედება, ქვეშეცნეულად, ადამიანის სულიერი სრულყოფისაკენ სწრაფვის ერთ-ერთ მატერიალიზებულ გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ.
ქიმიურად შესწავლილია ქვევრის კახური ღვინის შემადგენლობა, მაგრამ ბევრი კიდევ გამოსაკვლევია, თუმცა ამგვარი ჩაღრმავებაც ვერ აგვიხსნის იმ დიდ საიდუმლოებას, რომელიც არსებობს მიწაში ჩაფლულ ქვევრში ჩაჭყლეტილი ყურძნის დურდოს ალკოჰოლური დუღილის პროცესში, შემდგომ კი ჰერმეტულად თავდახურულ ქვევრში 4-5 თვის განმავლობაში. ამბობენ: ღვინო ცოცხალ არსებას ჰგავსო, ღვინოც იბადება, იზრდება, ვაჟკაცდება, ყალიბდება და ბოლოს კვდება. ღვინის სიცოცხლის ხანგრძლივობაც ხომ ცოცხალი არსებისას ჰგავს: ხანგრძლივია ან ხანმოკლე.
    კახეთში ყურძნის მაგარ ნაწილებს: კანს, კლერტსა და წიპწას დედოს უწოდებენ. რატომ შეარქვა ქართველმა კაცმა დედის სახელი ყურძნის მაგარ ნაწილებს? დედა ხომ არა მარტოოდენ შობს თავის პირმშოს, არამედ ძუძუს აწოვებს, ზრდის, ფეხზე აყენებს და აყალიბებს მას. ქართულ ენაზე ღვინის დამზადებას დაყენება ჰქვია, ღვინო დავაყენეო, იტყვის ქართველი კაცი, ბავშვს ხომ დედა სიარულსაც ასწავლის, ფეხზე აყენებს და კაცად აყალიბებს. თიხის ქვევრი სწორედ ის წიაღია, სადაც ყურძნის დედო აყალიბებს თავის პირმშოს: ჯერ დუღილის პროცესში წარმოქმნილი ქაოსისაგან პირველსახე საწყისს ღვინისას, შემდგომ კი ადამიანური თვალისაგან დაფარულად, ჰერმეტულად თავდახურულ ქვევრში 4-5 თვის განმავლობაში აყალიბებს მას, გადასცემს რა ყოველივე საუკეთესოს, რაც კი აბადია. ამგვარად ღვინო გვევლინება, როგორც სრულყოფილი ქმნილება. გარეგნული ბრწყინვალებით, მედეგობით განუმეორებელი სურნელებით, ჩამოყალიბებული ძლიერი სხეულით, სინაზითა და ჰარმონიულობით, რომელიც ხანგრძლივად ელამუნება ჩვენს შეგრძნებით საგემოვნო ორგანოებს გვანიჭებს ენერგიას, ხალისს და ამაღლებული შეგრძნებების სამყაროში გადავყავართ, იგი ერთდროულად ძლიერი, ნაზი და ნოყიერია, ჩვენს სისხლში მზის ენერგია შეაქვს. ყველაზე ლამაზი და მიმზიდველი სიტყვებითაც კი ვერ წარმოიდგენ იმ საოცარ გემოსა და არომატს, რასაც მხოლოდ ამ მადლიანი ღვინის დაჭაშნიკებით შესძლებთ!
ჩვენს პლანეტას, ჩვენს საცხოვრისს დედამიწა ჰქვია. როგორც ვხედავთ, მიწა დედაა ჩვენთვის, ადამიანებისათვის. მიწისაგან მოზელილები და ღვთისაგან სულთშთაბერილები ვართ, ქვევრიც ხომ თიხისაა, მიწისაა და ყურძნის დედოც ხომ მიწის წიაღში ჩაფლული მიწისავე წიაღში წარმოშობს ღვინოს, ალბათ ვხვდებით, რომ ორივე შემთხვევაში ღმრთის დიდ საიდუმლოებასთან გვაქვს საქმე. ერთი ბრძნული ნათქვამიც არსებობს `ინ ვინო ვერიტას”, `ჭეშმარიტება ღვინოშია”-ო, ამ გამოთქმაში ალბათ ის აზრი გამოხატა გამომთქმელმა, რომ ჭეშმარიტება თვით ღმერთია და თავად ღვინო კი ამ დიდი ჭეშმარიტების ერთი მცირე გამონასხივია. ალბათ ეს ყველაზე მეტად ქვევრში დაყენებულ კახურ ღვინოზე ითქმის.
      თუკი ქვევრის კახურ ღვინოს დაუმეგობრდებით და ეცდებით ამოხსნათ მისი ფენომენი, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ეს დაუვიწყარი გემოსა და არომატის ღვინო თქვენ ბევრი დაავადებისაგან განგკურნავთ და სხეულს გაგიჯანმრთელებთ, უფრო ენერგიული და ხალისიანი შეიქმნებით, გუნება-განწყობა გამოგიკეთდებათ და ღმერთისა და მოყვასის სიყვარული გაგიძლიერდებათ. აკი გვასწავლის წმინდა წერილი: `ღვინო ახარებს გულსა კაცისასა”, ხოლო წმინდა პავლე მოციქული გვმოძღვრავს: `ნუ დაითვრებით ღვინითა, . . . არამედ აღივსენით სულითა”, მაშასადამე, ზომიერად შესმული ღვინო თქვენი სულის აღმავსებელია.
       გაუსინჯეთ ჭაშნიკი ქვევრის კახურ ღვინოს და დაიგემოვნეთ, რათა აღივსოთ სულითა და ღვთიური ენერგიით გაძლიერდეთ! . . ."
ეძიებთ ჭეშმარიტებას? მაშ, გაუსინჯეთ ჭაშნიკი ქვევრის კახურ ღვინოს და მადლობა შესწირეთ უფალს ამ დიდი სიკეთისათვის!

თეიმურაზ ღლონტი

1


ალავერდის ტრადიციები


ქართული ღვინის გამარჯვება